თვითშეფასება

анимированные картинки для гостевых
სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი მეთოდის ,,მკითხველთა თეატრი“ გამოყენებით (თემა-,,სოკოს ქვეშ“ იაპონური ზღაპრის მიხედვით) მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო იყო. ,,მკითხველთა თეატრი“ მოსწავლეების სწავლების საყვარელ მეთოდად იქცა, რადგან იგი თამაშის ბევრ ელემენტს აერთიანებს. მისი განხორციელება მარტივ წარმოსახვაზეა დამოკიდებული.
პირველ რიგში შევარჩიე ტექსტი, განვსაზღვრე როლები. პიესაში როლი ნაკლები იყო, ამოტომ კლასი გავყავი ორ ჯგუფად. თითოეულს გადავუნაწილე როლები და შევუდექით აქტიურ მუშაობას. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვესაუბრე იმ აქტივობების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავდი კვირის განმავლობაში. დაწვრილებით გავაცანი მეთოდი ,,მკითხველთა თეატრი“, დავუსახე კვირის განმავლობაში მისაღწევი შედეგები, წავუკითხე ნაწარმოები სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით, რათა მოსწავლეებს ინტერესი ჰქონოდათ როგორც ნაწარმოების, ასევე მეთოდის მიმართ. ბავშვებმა წიგნში მონიშნეს საკუთარი როლები. შემდეგ ვთხოვე, რომ ინდივიდუალურად გაცნობოდნენ ტექსტს და ყურადღება მიექციათ როგორც საკუთარი, ასევე ტექსტის დანარჩენი ნაწილისათვის, რათა შეძლებოდათ პიესის მთლიანობაში აღქმა და თანმიმდევრობით გათავისება. ამ ეტაპზე ინდივიდუალურ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კარგად გაეაზრათ ხარვეზები, ჩაღრმავებოდნენ შეცდომებს და ეზრუნათ მათ გამოსწორებაზე.
მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრე დრო მოსამზადებელი პერიოდისათვის-1 კვირა. ამ პერიოდში ისინი მუშაობდნენ ტექსტზე, ვარჯიშობდნენ როლისათვის სათანადო ინტონაციისა და ჟესტიკულაციის შერჩევაში, ამზადებდნენ რეკვიზიტებს.
მოსწავლეებს ვესაუბრე თეატრთან დაკავშირებულ ტერმინებზე. მათ წარმოდგენა შეექმნათ ისეთ სიტყვებზე, როგორებიცაა პიესა, რეჟისორი, სცენა, კულისები, რეპლიკა, რეკვიზიტი...
მოსწავლეებმა ისაუბრეს სპექტაკლებში რეკვიზიტების როლზე, დატვირთვაზე. მათ მოიფიქრეს, რა რეკვიზიტები შეიძლებოდა, დასჭირვებოდათ, რომ წარმოდგენა უფრო საინტერესო და სანახაობრივი ყოფილიყო. რას მოიძიებდნენ შინ, რის დამზადებას შეძლებდნენ დამოუკიდებლად...
მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, გადაინაწილეს დავალებები, იმსჯელეს, როგორ დახმარებოდნენ ერთმანეთს. ჯგუფებში გუნდურობის, ერთსულოვნების მუხტი იგრძნობოდა. ბავშვებმა გააცნობიერეს, რა მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება მიზნის მიღწევაში.
ბავშვებმა ჩემი დახმარებით შექმნეს შეფასების სქემა. კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. შევაფასე მათი გამოსვლა და წავახალისე ნებისმიერი მცდელობა.
მოსწავლეებს შევთავაზე აფიშის დამზადება. ვესაუბრე მის დანიშნულებაზე: რატომ კეთდება, რა ელემენტებისაგან შედგება. ხელოვნების გაკვეთილებზე ერთად ვამზადებდით და ვაფორმებდით აფიშას. გარდა ამისა, ბავშვებმა დაამზადეს სხვადასხვა ნიღაბი, რომლებმაც უფრო გაალამაზა და გაამშვენიერა წარმოდგენა. ამაში კი დაგვეხმარა ხელოვნების მასწავლებელი ლელა სიმსივე.
ბოლოს საკლასო ოთახში გამოვყავი ადგილი სცენისათვის და დავდგით სპექტაკლი. წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს შეფასების სქემა, გამართეს დისკუსია კითხვებზე:
რას გრძნობდით წარმოდგენისას?
მოგეწონათ თუ არა თქვენი დღევანდელი გამოსვლა? რატომ?
რამ შუწყო ხელი თქვენს წარმატებას?
რას შეცვლიდით შემდეგი წარმოდგენისთვის?
გაკვეთილის მსვლელობის დროს სამოქმედო გეგმა არ  შეცვლილა.
შეიძლება ითქვას, რომ შედეგი მიღწეულია. თანმიმდევრულად განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო:
გამართულ კითხვას, საღ მსჯელობასა და აღქმას, ყურადღების კონცენტრირებასა და ადეკვატურად რეაგირებას; სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობას, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენებას, ხელოვნების დარგებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, საყვარელი გმირის სახასიათო ნიშნებზე მსჯელობას, სახვადასხვაგვარი წარმოდგენით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებასა და ნამუშევარში ასახვას, პრეზენტაციის გამართვას; სხვა ადამიანის როლის თამაშით ერთი და იმავე პრობლემის რამდენიმე განსხვავებული კუთხით დანახვას; იმ პერსონაჟის გრძნობებსა და ფიქრებში ჩაწვდომას, რომლის ხასიათი შეესაბამებოდა გათამაშებულ როლს; ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობას, კომუნიკაციას კლასთან; საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას, თვითშეფასებას.

21.02.2014                                               
                                                       ნინო გამყრელიძე



                     



анимашка смайлики

No comments:

Post a Comment